ივანე მაჭავარიანი - შეუძლებელია, ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც უკიდურესი რადიკალიზმით ხასიათდება, ლარის კურსზე არ აისახოს
შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც უკიდურესი რადიკალიზმით ხასიათდება, ლარის კურსზე არ აისახოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის მერყეობა იმ მოლოდინებით არის გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ დაძაბულობასთან.
„ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია, არ აისახოს და არ ასახულიყო ლარის კურსზე. ამ მომენტისთვის არანაირი ობიექტური პირობა იმის, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, ახლა არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებით არის გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ამავდროულად, როგორც ხედავთ, ეს დაძაბულობა ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ყველა პასუხისმგებლიანი ვიყოთ. აქ არავინ საუბრობს იმაზე, რომ გამოხატვის უფლება შეიზღუდოს ან თავიანთი პროტესტი ვინმემ არ დააფიქსიროს, მაგრამ არ არის რთული ისეთი რაღაცების გაკეთება, როგორიც არის პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა. დარწმუნებული ვარ, რადიკალიზმზე, არაკონსტიტუციურ მოწოდებაზე, ძალადობაზე უარის თქმა და მეორე მხრივ, იმ მინიმალური წესების დაცვა ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს და კონტრიბუციას გააკეთებს როგორც ლარის კურსის მერყეობის შემცირების, ასევე ვირუსის გავრცელების შეჩერების მიმართულებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.