ივანე მაჭავარიანი - სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს, – აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
როგორც მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინასწარი შეფასებით 5,7 პროცენტი იყო, ხოლო წლის განვლილ პერიოდში კი, 5 პროცენტი.
„ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი იმ ფონზე, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საშუალო ეკონომიკური ზრდა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ პროცენტზე დაბალი. რეგიონში უკეთესი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ მინდა, აქვე ყურადღება მიაქციოთ, რამდენად აღემატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ზრდას, ეს არის ბოლო წლებში გამოკვეთილი დინამიკა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.