ივანე მაჭავარიანი - რაც უფრო პრაგმატულები და რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია
ივანე მაჭავარიანი - რაც უფრო პრაგმატულები და რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია

გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს რამეს აბრალებს, თუმცა ვიღაცების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება ხოლმე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

„ჩვენ შემთხევაში ეს სცენარი გათამაშდა და ამის შედეგებს ვიმკით, ყველა ეს საუბრები რა შუაშია 20 ივნისი? შუაში კი არ არის, ეს არის მთავარი წყარო. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი უპასუხისმგებლო მოვლენა, რასაკვირველია, გადაეცემა ეკონომიკას. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს აბრალებს. ვიღაცების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება მაინც, მაგას არავინ არ გაურბის, თუმცა ფაქტია“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე პროცესებში ხაზი გაუსვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

„ჩვენ თუ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება და ზოგადად, მოსახლეობა, რაც უფრო პრაგმატულები და რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია და პოლიტიკური არასტაბილურობა.

რეგიონის კონტექსტში ჩვენ გამოვიყურებით საკმაოდ ჯანსაღად. ეს არ ნიშნავს და არ მინდა, რომ ვინმემ არასწორად გაიგოს, რომ ეკონომიკურად გაბრწყინებული ვართ და მივედით იქ, სადაც გვინდა, მაგრამ რა კონტექსტშიც ვართ, რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება იმ ქვეყნებში, ვისთანაც გვაქვს მთავარი სავაჭრო ურთიერთობები, საკმაოდ ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს. ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამერწმუნეთ, ეს უბრალოდ ფაქტია და არა იმიტომ, რომ ან მე ვამბობ ამას ან რომელიმე სხვა მინისტრი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.