ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა უნდა შენარჩუნდეს და აუცილებლად ვნახავთ დადებით დინამიკას კურსთან დაკავშირებით
ივანე მაჭავარიანი - პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა უნდა შენარჩუნდეს და აუცილებლად ვნახავთ დადებით დინამიკას კურსთან დაკავშირებით

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მომავალ წელს ინფლაცია დაიწყებს ქვემოთ სვლას, წლის მეორე ნახევრიდან კი, უნდა დაიწყოს დაბრუნება მიზნობრივ ნიშნულზე, რომელიც 3 პროცენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

„ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება სავალუტო კურსს, მაჭავარიანის შეფასებით, ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ კურსმაც ქვემოთ სვლა დაიწყოს.

„კურსი 3-იან ნიშნულთან კარგა ხანია, ტრიალებს – 2.95-დან 3 ლარამდე, ბოლო რამდენიმე თვეა. ვიმეორებთ, არის ყველა წინაპირობა და მოცემულობა, რომ კურსმა უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა. სამწუხაროდ, კურსი ისეთი თემაა, თვეს, დღეს ვერ ამბობ, ტენდენციის დონეზე საუბრობ. ლარმა რომ გამყარებისკენ დაიწყოს სვლა, ამისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი და საჭიროა ასევე პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით,  ბიზნესისთვის ბევრი რამ გაუმჯობესდა – არ გაზრდილა საგადასახადო ტვირთი, გამარტივდა ბევრი რამ და ბევრი გაკეთდა  საგადამხდელო კულტურის ასამაღლებლადაც.

„შესაბამისად, ვფიქრობ, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა, ეს ყველაფერი შესანარჩუნებელია და უცილებლად ვნახავთ დადებით დინამიკას კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, სადაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.