ივანე მაჭავარიანი - „ომეგასთან“ დაკავშირებით რაც მეტი ჩანაწერი გავრცელდება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი
„ომეგასთან“ დაკავშირებით რაც მეტი ჩანაწერი გავრცელდება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესტრუქტურიზაციის კომისია რომც შეკრებილიყო, „ომეგასთვის“ პასუხი უარი იქნებოდა.
„უარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს გაუჭირდებოდა, ახალი გრაფიკი მიეღო. რესტრუქტურიზაციის კომისიის არშეკრება ნიშნავდა, რომ კარი იყო ღია „ომეგასთვის“, თუ მას რაიმე სახით ვალის შემცირება უნდოდა. მართალია დადასტურდა, რომ „ომეგასთან“ დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია, მაგრამ წავიდეთ ამ დაშვებით – რა მილიონებზეც იქ არის ლაპარაკი, გრაფიკის სახით იმის მცირედი თანხაც რომ შემოეთავაზებინა, ჩვენ ვუვადებდით. რომ ნახოთ ციფრები, ბევრად დაბალია, ვიდრე ის შეთავაზებები, რაც იმ სატელეფონო საუბრებშია. ამიტომ რა ლოგიკაა, როცა გრაფიკი შეგიძლია გააკეთო, გადაიხადო, ამით ვალი შეიმცირო და უფრო ძვირს იხდი ქრთამად? ამიტომ ვამბობ, აბსურდია და რაც მეტი ჩანაწერი იქნება, მით უფრო აბსურდული გახდება ეს ქეისი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს ასევე ჰკითხეს, რას უპასუხებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლანურ მმართველობაზე საუბრობენ.
„კი არ ვუპასუხებ, ვურჩევ, ჩაატარონ გამოძიება, მოიკითხონ და ნახავენ, რომ ომეგასნაირი აბსურდული ქეისი იშვიათად ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. მგონია, რომ ასეთი სამართლიანი ხელისუფლება და სახელმწიფო არავის მიმართ ყოფილა, როგორც „ომეგას“ მიმართ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.