საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გააქტიურდება.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. მასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. აღვნიშნე, რომ საქართველოს ძალისხმევა, ბიზნესის კეთება უფრო მარტივი იყოს, პოზიტიურად აისახა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგშიც“ და დღეს, თქვენი ქვეყანა მეექვსე ადგილზეა. ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის განვითარების, კერო სექტორის ხელშეწყობის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ კარგ პერსპექტივას და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კოენ დევიდსმა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.