ეროვნულ ბანკს აქვს მზაობა, რომ ლარი მაქსიმალურად ამყოფოს მის ბუნებრივ ნიშნულზე, ამიტომ მგონია, რომ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია შეინიშნება და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის დაბალ ნიშნულს დაუბრუნდება.
„იცით, რომ ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული რყევები და შოკები ემართა, რომელიც პანდემიასთან ერთად იყო. ეროვნულმა ბანკმა ამისთვის მზაობა წლის ბოლომდეც გამოთქვა, ამიტომ მგონია, რომ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ეროვნულ ბანკს აქვს მზაობა, რომ უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა, ყოველგვარი ზედმეტი გაუფასურება მოასწოროს და ლარი მაქსიმალურად ამყოფოს მის ბუნებრივ ნიშნულზე.
რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თვე-თვეზე ინფლაცია მცირდებოდა. აქ არ აგერიოთ იმ მაჩვენებელში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან დარდება. აქ შედარებით მაღალი ნიშნული იყო ინფლაცია ივნისშიც, ივლისშც და აგვისტოშიც, თუმცა მიმდინარე ტრენდი შემცირებადია, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით. 2021 წელსაც არ ველოდებით იმ ზღვრის მნიშვნელოვნად გადაცდენას, რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი