როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება, კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„თუმცა, არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, ეს როდის მოხდება, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ აღნიშნული მუდმივი პროცესია.
„ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ამის რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.
„თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის არანაირად არ შეუწყვია ხელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.