საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტის აუთვისებლობის მიზეზებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები სპეკულაციურია.
„ძალიან უსამართლოდ არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კორუფციული პრეტენზიები. მე ჩავიხედე ამ პროცესში საკმაოდ დეტალურად. ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება დონორების მიერ. ამავდროულად, სრულად კონტროლდება შესყიდვების პროცედურები. ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს კორუფციის რისკები“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა პროექტების დაგვიანების ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის სიფრთხილეც დაასახელა.
„ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული ზუსტად ამ კორუფციული ბრალდებების გამო და ზედმეტად „ვუჭერთ“. ამიტომ უფრო მეტი დრო მიაქვს პროცესს, უფრო მეტად ფრთხილები ვართ და დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ესაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აუთვისებელი თანხების მიმართვა სხვა მიზნებისთვის შეუძლებელია, რადგან დონორებმა თანხები კონკრეტული მიზნით გასცეს.
„ზოგ შემთხვევაში დონორების მიერ დადგენილი პროცედურები მართლაც ბიუროკრატიულია. მართლა იმდენი კონტროლის სისტემაა შიგნით, რომ ზოგჯერ პრეტენდენტი უბრალოდ ვერ უძლებს, გადის და ჩაშლილია ტენდერი. ზოგ შემთხვევაში უბრალოდ დიდი დრო მიაქვს. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ისიც აღიარა, რომ ზედმეტი ოპტიმიზმით დაიგეგმა ბიუჯეტი. ეს ფული არ იკარგება. ამ პროექტებზე ისევ დაიხარჯება. ჩვენ დეფიციტს ვაკონტროლებთ მთლიანად. ვერ ვხედავ ვერანაირ რისკს. დაგვიანებაზე კითხვები სწორია, კორუფციაზე კი მეტწილად, თუ სრულად არა, სპეკულაციურია“, – დასძინა მაჭავარიანმა.