ივანე მაჭავარიანი - კორონავირუსის გამო აქტივობების შეზღუდვით ეკონომიკა დაზიანდება და მას სტიმულირება დასჭირდება, გვაქვს რამდენიმე სცენარი, ვმუშაობთ სოციალური დაცვის მექანიზმებზე
ივანე მაჭავარიანი - კორონავირუსის გამო აქტივობების შეზღუდვით ეკონომიკა დაზიანდება და მას სტიმულირება დასჭირდება, გვაქვს რამდენიმე სცენარი, ვმუშაობთ სოციალური დაცვის მექანიზმებზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შიდა ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვა, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება და მას სტიმულირება დასჭირდება.

მისივე თქმით, ეკონომიკის სტიმულირების რამდენიმე სცენარი არსებობს.

ამასთან, მაჭავარიანის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა სოციალური დაცვის მექანიზმის შექმნაზე.

„ამ მომენტში ხელოვნურად გვაქვს შეჩერებული, შეზღუდულად გვაქვს აქტივობები, რათა ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რა საკვირველია, ამის შედეგად ეკონომიკა დაზიანდება და მას დასჭირდება სტიმულირება. მთლიანად ეს პაკეტი არის გამზადებული. რამდენიმე სცენარი არსებობს, მსოფლიოშიც ყველა რამდენიმე სცენარს აკეთებს იმის მიხედვით, თუ რა ხანგრძლივობა და მასშტაბი იქნება ამ ვირუსის. შესაბამისად, არის სცენარი, როდესაც სიტყვაზე  თვენახევარი-ორი თვის შემდეგ ძირითადად აღდგება შიდა ეკონომიკური აქტივობები, არის სცენარი, რომ ეს აღდგება ცოტა უფრო მგოვიანებით, სამი-ოთხი თვის შემდეგ და ასე შემდეგ. ამ პერიოდში, საუბარია პირველ რიგში სოციალური დაცვის მექანიზმებზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება, რადგან ან სამსახური დაკარგა დროებით ან შემოსავლის წყარო შეუმცირდა. ერთი არის ამ მიმართულებით და როდესაც ვსაუბრობთ კირიზისულ ბიუჯეტზე, ჩვენ ამ ბიუჯეტზე ვმუშაობთ. დღესაც, ამ შეხვედრის შემდეგ მივდივართ და უნდა გადავაწყოთ, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილოსოფიით, ამ სულისკვეთებით უნდა გადაეწყოს ბიუჯეტი, რომ ეს პერიოდი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თვე-ნახევარი ან ორი თვე, რა სოციალური დაცვის მექანიზმი შეიძლება შეიქმნას“ ,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.