ივანე მაჭავარიანი - ინტერპელაციაზე კითხვები და პროცესი მაღალი პოპულიზმით ხასიათდებოდა, როგორც ოპოზიციას სჩვევია
როგორც ყოველთვის, უმეტეს შემთხვევებში, ოპოზიციის მხრიდან პოპულიზმი სჭარბობდა, მაღალი დოზით იყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს დღევანდელი ინტერპელაციის შეფასებისას განუცხადა.
მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის ფორმატში ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
„შესაბამისად, ძალიან პოლიტიზებულია ამ ტიპის შეხვედრები და ინტერპელაცია თავისთავად. პრემიერმაც აღნიშნა და მეც მინდა აღვნიშნო, რომ უფრო შინაარსობრივი, თემატური უნდა იყოს და უფრო მაღალპროფესიულ დონეზე იყოს ოპონირება და მსჯელობა.კითხვები და პროცესი, როგორც განვითარდა, მაღალი პოპულიზმით ხასიათდებოდა, როგორც სჩვევია ოპოზიციას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ორი ინტერპელაცია შედგა. მამუკა ბახტაძე პარლამენტში „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.