ივანე მაჭავარიანი - ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია, ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება
ივანე მაჭავარიანი - ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია, ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება

ძალიან ცუდია, როდესაც ლარის დოლართან მიმართებაში მერყეობით ხდება ყველაფრის შეფასება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

პარლამენტის სხდომაზე ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ივანე მაჭავარიანს კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაუსვა: „ლარი რატომ ეცემა, ნუ წავალთ პოპულიზმში და მხოლოდ გარე ფაქტორებით ახსნას ნუ დაგვიწყებთ. თუ მხოლოდ გარე ფაქტორებისა და ბედის ანაბარაა ეს ქვეყანა, მაშინ უნდა აგვიხსნათ მთავრობას რატომ ინახავენ საქართველოს მოქალაქეები, რატომ ვიხდით გადასახადებს და რაში გვჭირდება საერთოდ მთავრობა, თუ მხოლოდ გარე ფაქტორებზე ვართ მინდობილი”.

როგორც მაჭავარიანმა კითხვის პასუხად აღნიშნა, ბოლო პერიოდში ლარის კურსის თემა ყველა ბრუნვაში ტრიალებს.

„რა საკვირველია, საგარეო ფაქტორი არის, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი. ძალიან ცუდია, როდესაც ლარის დოლართან მიმართებაში მერყეობით ხდება ყველაფრის შეფასება, დაწყებული როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, დამთავრებული პენსიით. გვავიწყდება ინფლაცია. ამ დროს, დღეს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია. პრაქტიკულად, მოხდა ტერმინების ჩანაცვლება, ამ ორი რამის გაიგივება. ვიცი, აცნობიერებთ, რომ ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ რადგან აგრძელებთ ამ მიმართულებით, განაგრძეთ. ლარის მცურავი კურსი შენარჩუნდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.