ივანე მაჭავარიანი - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ, მათი წასვლა ნამდვილად დანაკლისია
ივანე მაჭავარიანი - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ, მათი წასვლა ნამდვილად დანაკლისია

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ ორივეს ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის, შესაბამისად დანაკლისი ნამდვილად არის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, აღარ საჭიროებს კომენტარებს.

„მას არ უხსენებია სიტყვა დაპირისპირება არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს. ტერმინებით ახლა შეიძლება ვიჟონგლიოროთ, მაგრამ ეს ნიშნავს შეუთანხმებლობას და ზუსტად ეს აღიარა, ეს თქვა და შესაბამისი ნაბიჯიც გადადგა. ამიტომ არ მესმის რა უნდა დავამატო, ან რა უნდა მოვაკლო გახარიას ნათქვამს. გიორგი გახარიას, ისევე როგორც ქალბატონი მაი ცქიტიშვილის როლი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლებაში, თუმცა ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები, კი არიან ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის კურსი, რეფორმები უნდა გაგრძელდეს. შეიცვლება თუ არა პრემიერი, შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი, შეიცვლება თუ არა ეკონომიკის მინისტრი და ადრე თუ გვიან ყველა იცვლება, მთავარია კურსიდან გადახვევა არ მოხდეს. რაში მდგომარეობს ამ კურსის აზრი – გეოპოლიტიკურად ეს არის დასავლეთისკენ მიმართული კურსი, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე. ეკონომიკის კუთხით, ეს არის თავისუფალი და ლიბერალური ეკონომიკა. რაც შეეხება ეროვნულ საკითხებს, ეს არის შერიგების და მშვიდობის პოლიტიკა, ეს არის მაქსიმალურად ეფექტური მმართველობითი სისტემა – დაბალი ბიუროკრატია, დაბალი ხარჯის მატარებელი ეფექტური ბიუროკრატია. ეს არის მთავარი პრინციპები. მთავარია რომ ეს არ შეიცვალოს, თორემ ჩვენ, ყველა შევიცვლებით ​​“, – განაცხადა მაჭავარიანმა.