ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა.
შეხვედრა ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ამასთან, ხაზი გაესვა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი, 45 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ და ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ხელი შეეწყოს.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და ამ მიმართულებით საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტების გამოყენების პერსპექტივაზე.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე.
მხარეებმა ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული საკითხებიც განიხილეს.