ივანე მაჭავარიანი - ეს არის ლარის მოკლევადიანი რყევა, რასაც პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა
როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას ვასაბუთებთ ციფრებით, – ამის შესახებ შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, კურსზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც სამი წელია, ზედიზედ მცირდება და 2017 წელთან შედარებით განახევრდა.
„როდესაც ვამბობთ, რომ სამი წელია, ზედიზედ ექსპორტი იზრდება, აპრილის მონაცემებით იყო 30 პროცენტიანი ზრდა, შარშან იყო 24-25 პროცენტი, ესეც სერიოზული მაჩვენებელია. ამის პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები, სადაც დოლარზე დამოკიდებულება მცირდება. ალბათ, სრულად არ გაქრება დოლარზე დამოკიდებულება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, დაცული ვიქნებით ყველა ტიპის მერყეობებისგან, მათ შორის, რა ხდება მეზობელ ქვეყნებში, მათ ვალუტასთან დაკავშირებით და ასევე, სხვა ტიპის მსოფლიო ტრენდებში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრის შეფასებით, მოკლევადიანი რყევები და პროცესები ახასიათებს ზოგადად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად ქვეყნებს და ამავდროულად, მცირე ეკონომიკის ქვეყნებს.
„ეს ნორმალური მოვლენაა. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოყვება და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის კურსი, ვიდრე მისი ბუნებრივი წონასწორული მდგომარეობაა. შემდეგ ჩამოდის და დგება, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით იგივეს ველოდებით ახლაც. არანაირი განსაკუთრებული სხვა რამ არ ხდება. ეს არის მოკლევადიანი რყევა, მოკლევადიან რყევას არ აქვს არანაირი პასუხები, მოკლევადიან რყევებს აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც პასუხი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ყველაფერი სწორად მიდის.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის მართალი ვერსია, რომ არჩევნებამდე მთავრობას ეროვნულ ბანკთან ერთად, ლარის კურსი ხელოვნურად ეჭირა.
„რას ნიშნავს ხელოვნურად ეჭირა – ან მთავრობას არ უნდა დაეხარჯა და ან ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო და შესაბამისად, დოლარი უნდა გაეყიდა. რომელიმე მოხდა? არ მოხდა. ერთდროულად როგორ შეიძლება, მთავრობას ედაო, რომ შენ ბევრ ფულს ხარჯავ და მეორე წამში მოედაო, რომ ბიუჯეტის შესრულება არ არის და ცუდად იხარჯება ბიუჯეტი. ბიუჯეტი სრულდება ისე, როგორც სრულდება, ათვისება კაპიტალურში იყო დაახლოებით 96 პროცენტიანი პირველი კვარტლის, ანუ არანაირი ზედმეტი ხარჯები არ გასულა. ასევე ნათლად ჩანს, რომ ეროვნული ბანკი არ ჩარეულა. არანაირი საარჩევნო ხარჯი არ არის იმაზე მეტი, ვიდრე ოფიციალურად ცნობილია და არანაირი ზედმეტი არ გასულა ბიუჯეტიდან. ვამბობთ, რომ მოკლევადიანი რყევები ახასიათებს. სხვათაშორის, ძალიან დიდი მითია, რომ ან რაღაც სეზონურობაა, ან რაღაცებს უკავშირდება, გამორიცხული ამბავია“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას იმაზე, რომ ი,პორტზე დამოკიდებულ კომპანიებზე უარყოფითად მოქმედებს აღნიშნული რყევები და ისინი თითქმის მიდიან ბიზნესიდან, მინისტრი ამბობს, რომ არანაირი ბიზნესი არ კოტრდება.
„არავინ არსად მიდის, არანაირი ბიზნესები არ კოტრდება, პირიქით ეკონომიკა იზრდება, ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი პარამეტრები“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, პერიოდულად მოკლევადიანი რყევები ყოველთვის არსებობდა და ალბათ, იარსებებს.
„ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, რასაც ვახორციელებთ და ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.