ივანე მაჭავარიანი - EBRD-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკასა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში
ბოლო ათწლეულების განმავლობაში EBRD ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი იყო საქართველოსი. მას დაახლოებით 4 მილიარდზე მეტი დაფინანსება აქვს გამოყოფილი, ძირითადად კერძო სექტორისთვის და 250-ზე მეტ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში მათ შორის ენერგეტიკასა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში.
„EBRD სხვა ჩვენი პარტნიორებისგან განსხვავებით ძირითადად კერძო სექტორზეა ფოკუსირებული, მისი პორტფელის მინიმუმ 75 % მიემართება კერძო სექტორზე. შესაბამისად, განსაკუთრებულია მათი როლი პოსტპანდემიურ პერიოდშიც. მათ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სფეროში იქნება ეს ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ა.შ. ჩვენ გვახსოვს ძალიან ნაყოფიერი და დადებითი გამოცდილება, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ საქართველოს საბანკო სექტორში აქტიურად მონაწილეობდნენ და დღეს ვხედავთ რამდენად ძლიერია ჩვენი საბანკო სექტორი, აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ ამ მოდელის განზოგადება გავაკეთოთ სხვადასხვა სექტორებში, სადაც მათ შეუძლიათ პოზიტიური როლი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენაში და მომავალ წინსვლაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.