ივანე მაჭავარიანი - ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა.
„პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.
„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა, ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.