ივანე მაჭავარიანი - ანტიკრიზისული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, როგორც მოქალაქეთა, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
მისი თქმით, მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 2020-2021 წლებში ჯამში, გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 310 მილიონ ლარამდე, მათ შორის, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი. ივანე მაჭავარიანის თქმით, თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 210 მილიონი ლარი ანაზღაურდება მიმდინარე წელს, ხოლო 60 მილიონი ლარი მომდევნო წელს.
„ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა დახმარებები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, განხორციელდება 2021 წლის პირველ ნახევარში და მიიმართება 150,0 მილიონი ლარი, 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე ოჯახების დახმარებისთვის ექვსი თვის განმავლობაში გამოყოფილია 55 მილიონი ლარი, 100 ათას სოციალურ ქულამდე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის ექვსი თვის მანძილზე, გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებისთვის ექვსი თვის განმავლობაში – 27 მილიონი ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, 2020-2021 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ჯამური მოცულობა ორი მილიარდ 800 მილიონი ლარია, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში ასახულია 955,0 მლნ ლარი, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება, რის შედეგადაც 2021 წელს 600 მილიონი ლარით მეტი დღგ დაუბრუნდება კომპანიებს.
„პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის შეღავათი წესდება მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე. ამ მიზნით, მომდევნო წელს გათვალისწინებულია საგადასახადო დანაკლისი 225 მილიონი ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეღავათით განვლილ პერიოდში ისარგებლა 35 ათასზე მეტმა კომპანიამ 430 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე. ვფიქრობ, რიცხვები აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეღავათი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ბიუჯეტში ასახულია საგადასახადო დანაკლისი 45 მლნ ლარის ოდენობით, რაც უკავშირდება ტურიზმის სექტორის 2021 წელს გადასახდელი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას.
როგორც მან აღნიშნა, საკრედიტო საგარანტიო ფონდის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი, სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, მიმდინარე წლის ბოლომდე არსებული პროგრამის გარდამავალი ხარჯები 35 მილიონი ლარია.
„მოგეხსენებათ, ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ხორციელდება პროცენტის ნაწილობრივი სუბსიდირება (4 პროცენტის ოდენობით). პროგრამის მხარდაჭერით გაცემულია 760 მილიონ ლარზე მეტი სესხი,“ – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ჯამში, გამოიყო 870 მილიონი ლარი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 450 მილიონი ლარი.
როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც მოქალაქეთა მკურნალობის, ასევე, კარანტინისა და კოვიდსასტუმროების, ტესტების, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ საჭირო აღჭურვილობისა და ვაქცინის შესყიდვის ხარჯებს.