ივანე ჩხაიძე - დეკემბერ-იანვარი საგანგაშო პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა ვაქცინაციის ტემპი საკმარისად არ იმატებს.
„პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან შემცირდებოდა, ჯერჯერობით მოლოდინად რჩება. ჩვენი სურვილი, რომ ორი მნიშვნელოვანი ინტერვენციის შემდეგ, რაც გულისხმობს 60 წელს გადაცილებულთა ფინანსურ დაინტერესებას და მწვანე პასპორტების იდეის ამოქმედებას, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, ჯერჯერობით უცვლელი რჩება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ დეკემბერ-იანვარი საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით.
„ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი არის სწორედ ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიაღწევს პიკს. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაფრთხილება მიღებული გვაქვს. ყველა ქვეყანას აქვს მიღებული გაფრთხილება, რომ წელს გრიპი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს იყო 2020 წელს. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ გარკვეული იმუნიტეტი გრიპის მიმართ, ასევე ძალიან დაბალი იქნება. ამიტომ დეკემბერ-იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით. შეიძლება, ითქვას, რომ პანდემიის თვალსაზრისით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლების და ვაქცინაციის მაჩვენებლის მიხედვით, ჯერჯერობით ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთულია.
გრიპის სეზონისთვის მზადება წელს უნდა იყოს გაცილებით აქტიური, ვიდრე იყო შარშან. შარშან ჩვენ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი გვქონდა გრიპით ინფიცირების წინააღმდეგ. ეს იყო ნიღბები, ლოკდაუნი, შეზღუდვები, კომენდანტის საათი, ყველაფერი, რაც მოქმედებდა კორონავირუსის წინააღმდეგ, მოქმედებდა გრიპის წინააღმდეგ. დღეს არც ერთი არ გვაქვს. არ არის ლოკდაუნი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად მუშაობს, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 30%-ზეა ჩამოსული. ასე რომ, რისკი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ გრიპით ინფიცირების ჩვეულებრივი, სტანდარტული ციფრი, რაც იყო 2019 წელს, არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.