ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი ცირკულირებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი ცირკულირებს.
როგორც ივანე ჩხეიძემ აღნიშნა, დეკემბრის თვეში გრიპის ვირუსის მატებაა, თუმცა მცირედი, რაც ლოგიკურია.
„ჩვენ ხშირად ვამბობთ, თუ იქნება ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების პიკი, ეს პიკი დეკემბერ-იანვრის თვეზე მოდის, შესაბამისად, ახლა ამ პერიოდში ვართ. ეს მცირედი მატება ლოგიკური და ახსნადია. ანგარიშით ნათლად ჩანს, რომ ძირითადი ვირუსი – ეს არის გრიპის ვირუსი. კერძოდ, მისი ტიპის ფორმა და მისი ჯამური რაოდენობა ვირუსულ პეიზაჟში შეადგენს 50 პროცენტს, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძირითადად სწორედ გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსების გაყოფას თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით არის H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში და ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება დეკემბრის თვე“, – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9,8 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა.
„შესაძლებელია, კორონავირუსი გახდეს ისეთივე სეზონური ვირუსი, როგორიც გრიპის ვირუსია. ყოველივე ეს სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე დასტურდება. შესაძლებელია, ჩვენ პანდემიის დასასრული 2023 წელს მოვისმინოთ ჯანმოსგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება – ის იქნება, ჩვენ მას შევეჩვევით, ყოველწლიურად ალბათ შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით.
წლევანდელი წელი ამ მხრივ შეიძლება იყოს გამორჩეული და შეიძლება, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იყო ვირუსებს შორის ერთ-ერთი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – წამყვანი. თუ გრიპსა და კორონავირუსს შეადარებთ, 5-ჯერ მეტია გრიპი, ვიდრე კორონავირუსი. პანდემიის წლებში ასე არ იყო. კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა სეზონურობის განმარტება, რადგან ჩვენ 2022 წელს გვქონდა არა ერთი, არამედ ორი პიკი. კორონავირუსისგან განსხვავებით, გრიპი უფრო ბავშვებში ცირკულირებს. კორონავირუსი არ არის ბავშვების ვირუსი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.