ივანა კლიმპუშ-ცინცაძე - ვნახოთ, დაწესებული სანქციები რამდენად არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც გააჩერებს კრემლს და პუტინს
გული მწყდება იმ ფაქტის გამო, რომ 16 საათი გავიდა, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო და ჩვენ ახლა გვესმის ახალი პაკეტის შესახებ, – ასე უპასუხა უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად შეაჩერებს რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილები, რომელიც მან სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
„ეს უნდა ყოფილიყო წინმსწრები ქმედებები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ასეთი ძალა. ჩემი აზრით, მხოლოდ რამდენიმე სანქციას ექნება დაუყოვნებლივი ზეგავლენა რუსეთის ფედერაციაზე და სხვებს ექნება გაცილებით ხანგრძლივი ეფექტი. ჩვენ უნდა ვნახოთ, ეს რამდენად არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც გააჩერებს კრემლს და გააჩერებს პუტინს“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.
როგორც ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ აღნიშნა, უკრაინაში ვითარება ყოველ საათში იცვლება.
„ადამიანები განერვიულებული არიან. ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიას, ვკარგავთ მოსახლეობას, ჩვენს მომავალს. პუტინი აი, ამ მომენტში გვტაცებს ჩვენს მომავალს“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.
მისი თქმით, უკრაინას აინტერესებს ასევე ევროკავშირის ნაბიჯები, როგორც კოორდინირებული ქმედებები და ერთად, ალბათ, ეს იქნება ის, რაც ქვეყანას თავიდან ააცილებს პუტინის წინ წასვლას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის შეტევას უკრაინის შეირაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ და ქვეყნის მოქალაქეები ტერიტორიულ თავდაცვაში მონაწილეობენ კიევსა და სხვა ქალაქებში.
„ვფიქრობ, ჩვენ დავკარგეთ დრო, რომ კარგად მოვმზადებულიყავით უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მაგრამ იმედი მაქვს, საერთო გამარჯვება მაინც ჩვენ მხარეს იქნება“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა დღევანდელი დღის, 24 თებერვლის სამხედრო ოპერაციის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ პირველი სასანქციო პაკეტი უფრო მძიმე რომ ყოფილიყო, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა, რომ არ იცის, ეს ნაბიჯი რამდენად ძლიერად დაარტყამდა პუტინს, რომ ის შეჩერებულიყო.
„მე არ ვიცი, რა ხდება ამ გიჟი ადამიანის ტვინში, რომელიც ეომება არა მარტო უკრაინელებს, არამედ მთელ მსოფლიოს. თუ უკრაინა დამარცხდება, ის არ გაჩერდება ჩვენ დასავლეთ საზღვრებზე და მას მეტის სურვილი გაუჩნდება. პუტინს მხოლოდ ძალის ერთიანობის ენა ესმის. არ ვიცი, ეს მას რამდენად ძლიერად დაარტყამდა, რომ შეჩერებულიყო“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.
კითხვაზე, გახდება თუ არა უკრაინის დედაქალაქი შეტევის სამიზნე, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ აღნიშნა, რომ კიევი უკვე არის რუსეთის აგრესიის სამიზნე.
„ისინი გეგმავენ, აქ გამოაგზავნონ ალბათ, სადესანტო ჯარები. მათ უნდათ, საჰაერო გადმოსროლა მოახდინონ, მოახდინონ სამთავრობო შენობების, ქალაქის ოკუპაცია, მთავრობა შეცვალონ და დასვან მარიონეტები, რომლებიც უკრაინიდან 2014 წელს გაიქცნენ და როსტოვში იმალებოდნენ. რუსეთს იმედი აქვს, რომ თუ უკრაინას დააჩოქებს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაამყარებს კონტროლს, მაგრამ ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.
რადას დეპუტატმა, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა საქართველოს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო საქართველოს. ადამიანები უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ჩვენ გვამხნევებს ეს მხარდაჭერა და ეს იქნება ჩვენთვის დახმარება, რომ გავუძლოთ რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.