ივა ჭყონია - ო’სალივანთან შეხვედრაზე საუბრის თემა იყო, როგორი კლიმატია და რამდენად გვაქვს სურვილი, ევროპის ნაწილი გავხდეთ, კონკრეტულ სანქცირებულ პროდუქტზე საუბარი არ ყოფილა
დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის, რამდენად არის მზად ბიზნესი, იყოს ევროპის ნაწილი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ბიზნესწარმომადგენლების ხედვები მოესმინათ.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, მრავლის მეტყველი. საქართველო პირდაპირ სანქციებს არ არის შეერთებული. საქართველო არ უნდა იქცეს ერთგვარ კორიდორად და ნაბიჯი არ გადავდგათ ისეთი მიმართულებით, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს დააზიანებს. ვიტყოდი, რომ გაცილებით მეტი ჩვენგან, ბიზნესისგან აინტერესებდათ, თუ რა კლიმატია და რამდენად გვაქვს სურვილი ბიზნესწარმადგენლებს, რამდენად ვართ მზად, ევროპის ნაწილი გავხდეთ. იმ მიმართულებით, როგორც დღეს მივდივართ და რაც მოვისმინე, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივიღებთ სტატუსს, რადგან ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც სურს, ევროპის ნაწილი გახდეს და მაქსიმუმს აკეთებს.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის ხედვები, რამდენად არის ჩართული ბიზნესი ამ პროცესში. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რაც იყო ხაზგასმული, რომ ომი შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ რუსეთის მიმართ სანქციები წლები გაგრძელდება და რამდენად მზად ვიქნებით ამისთვის, ეს არის ჩვენი ასარჩევი. ჩვენი მომავალი ჩვენი ასარჩევია – იქნება ევროპისკენ თუ სხვა მიმართულებით.
კონკრეტულ თემაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი, რამე კონკრეტულ სანქცირებულ პროდუქტზე და ასე შემდეგ. მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენად არის მზად ბიზნესი, რამდენად აქვს სურვილი, იყოს ევროპის ნაწილი. პირადად ჩემთვის და ჩვენი ბიზნესასოციაციისთვის უმნიშვნელოვანესია, ევროპის კარი გაიღოს. საკმაოდ ბევრია სამუშაო და ჩემი მხრიდან დაყენებული იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება მეტი ჩართულობა იყოს ევროპის მხრიდან, რათა ქართველი მწარმოებლებისთვის ევროპის კარი გაიღოს. ქართულმა ბიზნესმა რომ დააწესოს სანქციები, ამის მზაობაზე ნამდვილად არ იყო საუბარი. რუსეთი ჯერ კიდევ ტრადიციული ბაზარია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რათა ევროპის კარი გაიღოს. ამას სჭირდება სტანდარტები, ბევრი სწავლა და სწორედ ამისთვის გვჭირდება დახმარება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.