ივა ჭყონია - ნუ ავყვებით ცრუ პანიკას, მოსახლეობის ჭარბი მოთხოვნა ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასის ზრდას იწვევს
ივა ჭყონია - ნუ ავყვებით ცრუ პანიკას, მოსახლეობის ჭარბი მოთხოვნა ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასის ზრდას იწვევს

ნუ ავყვებით ცრუ პანიკას, მარაგების პრობლემა არ არის და არც იქნება, მოსახლეობის ჭარბი მოთხოვნა კი ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ფასის ზრდას იწვევს, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში სურსათსა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საკითხი განიხილეს, რაც კორონავირუსის ქვეყანაში დაფიქსირების შემდეგ აქტუალური გახდა.

გადაცემის მსვლელობისას დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში დადებული ფოტოები, რომლებიც ჰიპერმარკეტების დაცარიელებულ თაროებს ასახავს, რეალობას არ შეესაბამება, რადგან შედარებით მცირე საცალო ქსელებში პროდუქცია უხვადაა, იმპორტი შეუზღუდავად მიმდინარეობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს. 

„ლოგისტიკასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ, შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, სადაც ჩართულია ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. რა თქმა უნდა აქ არის რისკ ჯგუფის ქვეყნები იგივე გერმანია იქნება, ავსტრია, საფრანგეთი თუ იტალია, საიდანაც პროდუქცია შეუზღუდავად მოდის. უბრალოდ, როცა პროდუქცია საზღვარზე შემოდის, აქ ხდება გაკონტროლება, საპატრულო ეკიპაჟს მიჰყავს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. იქ ხდება ქართული სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ მანქანაში გადაცლა, შემდეგ დეზინფექცია და მერე მიდის საწყობში. ჯაჭვი უკვე ძალიან ოპერატიულად არის აწყობილი და პირდაპირ რეჟიმში ვართ ჩართული. რაც შეეხება მთავარ კითხვას მარაგებს, მოდით ნუ ავყვებით ცრუ პანიკას. ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გადაღებულ სურათებს რომ აზიარებენ ერთგვარ და ერთი ბრენდის პროდუქტზე, ვთვლი, რომ ეს არის ხელოვნურად გამოწვეული პანიკა, რის შედეგებსაც ორი-სამი თვის შემდეგ მოვიმკით“, – განაცხადა ჭყონიამ.

მისი განმარტებით, უსაფუძვლოდ გაზრდილი სამომხმარებლო მოთხოვნა ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება და ფასების ზრდას იწვევს.

„იგივე ლარის კურსზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჭარბი მოთხოვნა, რისი საფუძველიც უბრალოდ არ არის. პირდაპირ შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობა ავიღო, რომ პროდუქტის დეფიციტი ვერ იქნება, რადგან მოწოდება არ არის შეჩერებული. თუ ეს თითიდან გამოწოვილი ისტერია გაგრძელდება, უარეს სიტუაციაში ჩავვარდებით, რადგან მოთხოვნა გაიზრდება და იმპორტი გაიზრდება. იმპორტი თუ გაიზარდა, ლარზე ზეწოლა გაიზრდება, შესაბამისად, მივიღებთ გაძვირებულ პროდუქციას დახლზე და ეს გაცილებით მეტი დარტყმა იქნება სადისტრიბუციო კომპანიებზე. უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რომ ეკონომიკა უარეს მდგომარეობაში არ ჩავარდეს. მარაგების პრობელმა არ არის და არც იქნება და თქვენს ხელშია, პროდუქცია გაძვირდება თუ არა“, – განუცხადა ივა ჭყონიამ „ბიზნესპარტნიორს“.