IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე” გაიმართა. IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

პირად შემადგენლობას სიტყვით საერთაშორისო მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სტეფან ფეიმ მიმართა. მან III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს  მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ასევე, იმყოფებოდნენ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ვულფ-იურგენ  შტალი, ასევე გერმანიის, აშშ-ის და მონღოლეთის სამხედრო მოსამსახურეები.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული  ასეულის პირად შემადგენლობას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა სტეფან ფეიმმა კი, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, მაიორი შალვა მეგრელიშვილი  მედლით – „მტკიცე მხარდაჭერისათვის” დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ დალოცა.

IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული  „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.