„იუვენტუსი“ პირველი გუნდია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში 5000 გოლი გაიტანა
სერია A-ს მე-13 ტურში ისტორიული მოვლენა მოხდა „სამპდორიასა” და “იუვენტუსის” შეხვედრაში. ტურინულმა კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში მე-5000 და 5001-ე გოლები გაიტანა იტალიის ჩემპიონატში. “ბებერი სინიორა” ქვეყნის პირველი გუნდი გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
ისტორიული გოლების ავტორები გახდნენ არგენტინელები – გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა. მათ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოიჩინეს თავი, მანამდე კი „სამპდორიამ” ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და შეხვედრა 3:2 მოიგო. გენუელებმა შეწყვიტეს ტურინელთა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
„იუვენტუსი” მეორე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ლიდერ “ნაპოლის” ოთხი ქულით ჩამორჩება.