„იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს ახალი პოტენციური ლიდერი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტურინელებმა სტუმრად “ლაციო” დაამარცხეს (1:0), შაბათის ღამის მატჩში კი “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე წააგო “რომასთან” – 2:4.
ნეაპოლელებმა ანგარიში მეექვსე წუთზე ინსინიეს გოლით გახსნეს, მაგრამ ერთ წუთში ჯენგიზ იუნდერმა აღადგინა თანაფარდობა. ამის შემდეგ, ედინ ჯეკომ ზედიზედ ორი გოლი გაიტანა და “რომა” 3:1 დააწინაურა. პეროტიმ 79-ე წუთში კიდევ უფრო გაზარდა რომაელთა უპირატესობა და დარჩენილ დროში “ნაპოლიმ” მხოლოდ ის მოახერხა, რომ დიდი ანგარიშით არ წააგო – დრის მერტენსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღსანიშნავია ჯეკოს მიღწევა. ამ მატჩის შემდეგ, მას სერია A-ში 50 გოლი დაუგროვდა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც მინიმუმ 50 გოლი სამ წამყვან ჩემპიონატში აქვს გატანილი – მანამდე, ბოსნიელმა იგივე შეძლო ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებში.
ამით შეწყდა “ნაპოლის” 10-მატჩიანი მოგებათა სერია, “იუვენტუსი” კი იტალიის ჩემპიონატის ახალი პოტენციური ლიდერი გახდა, რადგან “ნაპოლისთან” ერთ ქულას აგებს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.