იუსტიციისა და განათლების სამინისტროებმა თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დააარსეს
იუსტიციის სამინისტროში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, საქართველოში ფუძნდება „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ (EPLO) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ დირექტორმა, დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა სპირიდონ ფლოგაიტისმა (ელექტრონულად).
„ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია“ (EPLO) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი საჯარო სამართლისა და მმართველობის მეშვეობით ევროპული ღირებულებების გავრცელებაა.
შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, ერთი მხრივ, „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციასა“ და მეორე მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ევროპული ღირებულებების რეალიზების სფეროში ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის მორიგი აღიარებაა.
შეთანხმების მიღწევის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით და აქტიურად იყვნენ ჩართული იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
მნიშვნელოვანია, რომ, შეთანხმების თანახმად, საქართველოში ფუძნდება „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და თსუ-სთან თანამშრომლობის გზით ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევით აქტივობებსა და პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შესაძლებელი გახდება საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელება, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის სტაჟირებები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ევროპული საჯარო სამართალი, ევროკავშირის სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართლის პოლიტიკა და სამართლებრივი რეფორმები.
„EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობა, ასევე, უზრუნველყოფს ამ სფეროში საგანმანათლებლო, კვლევითი სამუშაოებისა და საერთაშორისო ტრენინგების ჩატარებას. გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, კვლევითი, სასწავლო და საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებებისა, „EPLO“ თბილისში დააფუძნებს ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლას (ELGS), უხელმძღვანელებს და განახორციელებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე „EPLO“-ს სასწავლო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ანალიტიკურ პროექტებს.
„EPLO“-ს რეგიონულ ფილიალს საქართველოში ექნება წვდომა „EPLO“-ს ყველა სამეცნიერო პუბლიკაციასა და საგანმანათლებლო რესურსზე, რითაც ის რეგიონში ყველა სტუდენტს, პროფესორსა თუ ფართო საზოგადოებას ამ რესურსით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. „EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალი თანამედროვე სამეცნიერო დისკუსიების მეშვეობითა და საუკეთესო ინტელექტუალური რესურსების გაერთიანებით ხელს შეუწყობს აღნიშნულ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას და ამ პროცესში ევროპული სამართლისა და ევროპული მართვის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა „EPLO“-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის საქართველოში შექმნას იმ მხრივაც აქვს, რომ თვალნათელია ქვეყნის როლი რეგიონში ევროპული ღირებულებების, საჯარო სამართლისა და მმართველობის კუთხით გატარებული რეფორმების საკითხებში. „EPLO“ ითვალისწინებს, რომ საქართველო მუდმივად უწყობს ხელს და მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების ფართო მასშტაბით პოპულარიზაციის საქმეში.
ფილიალის შექმნა საქართველოში ევროპულ სამართალსა და მმართველობაზე ცოდნის გაღრმავებისა და ხელმისაწვდომობის კუთხითაც ღირებულია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.