იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები დაამტკიცა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა საგამოცდო კომისიის წევრთა რაოდენობა 15-დან 20-მდე, ასევე გაჩნდა სპეციალური ქვეთავი, რომელიც უსაფრთხოებას გულისხმობს.
ამასთან, იქმნება სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომელზე წვდომაც შეზღუდული იქნება. საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელზე მსჯელობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
„მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ნაწილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხება იყო ამ კუთხით, დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და განისაზღვრა პროგრამა გამოცდების ჩატარებისთვის. მომდევნო სხდომაზე საბჭო აუცილებლად იმსჯელებს უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე საკვალიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა. არის ვალდებულება, რომ ყველა კომისიის წევრს გავლილი ჰქონდეს სპეციალური ტრეინინგი ტესტირების შედგენაში, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში გავლილი აქვთ და სერთიფიკატი აქვთ მიღებული დღეს არსებულ შემადგენლობას, რომელიც უკვე დააკომპლექტა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რაც უზრუნველყოფს ძალიან მაღალ ხარისხს გამოცდების შინაარსობრივი მიმართულებით”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.