იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები მიიღო. აღნიშნულ რეკომენდაციებს საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
1. საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ:
ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით;
ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
დ) სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობის შეზღუდვა;
ე) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისთვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ვ) სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წამომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოს შენობაში, მათ შორის სასამართლოში არსებული სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა;
ზ) სასამართლოს შენობაში შესვლისას მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება;
თ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 20 ერთეულამდე შეზღუდვა;
ი) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;
კ) მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე;
ლ) სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.
2. მოქალაქეებმა:
ა) თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იგი ექცევა მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის რეგულაციაში;
ბ) სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით;
გ) შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
3. საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის 1 მარტის შემდეგ იმყოფებოდა/იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებიდან ან ასეთი კონტაქტის ქონიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება.
4. მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა 10 სამუშაო დღე გაატაროს თვითიზოლაციაში და აღნიშნულის დამადასტურებლად ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ([email protected]). ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.
5. საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
6. საერთო სასამართლოების საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეს უფლება, სასამართლოს მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შესაძლებლობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს ასევე დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.
7. მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
8. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
9. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.
10. მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.
11. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად.
12. სასამართლოს შენობაში მყოფმა პირებმა დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
13. სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა მომსახურების საფასურის გარეშე.
14. რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად სასამართლოს თავმჯდომარეებმა გამოსცენ შესაბამისი ბრძანებები.
15. აღნიშნული რეკომენდაცია მოქმედებს მის გაუქმებამდე.