იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძისა და დავით მამისეიშვილის საკითხზე შესაძლოა, ბათუმში გასვლითი სხდომა გამართოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილისა და ამავე სასამართლოს მოსამართლის ირაკლი შავაძის შეხვედრა საბჭოს წევრებთან დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არ არის გამორიცხული, საბჭომ ბათუმში გასვლითი სხდომა გამართოს, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას.
საბჭოს წევრებს აქვთ სურვილი, რომ შავაძე-მამისეიშვილის დაპირისპირების შესახებ სხვა მოსამართლეების მოსაზრებებიც მოისმინონ.
გასვლითი სხდომის ზუსტი დრო ჯერ უცნობია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ირაკლი შავაძესა და დავით მამისეიშვილს მოუსმინეს.