იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 2017 წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე გასაუბრებისა და კენჭისყრის შემდეგ უვადოდ დანიშნეს.
საბჭოს არამოსამართლე წევრები ერთ-ერთი კანდიდატის, ნინო მამულაშვილის დანიშვნაში ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავენ.
როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მამულაშვილი პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლეა.
მისი განცხადებით, მამულაშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა მოსამართლე გამხდარიყო, თუმცა ეს მას შემდეგ მოახერხა, რაც მისი მეუღლე პარლამენტის წევრი გახდა.
როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ აღნიშნა, კანდიდატების შეფასება არის აბსოლუტურად ფორმალური პროცედურა.
„ჩემი შეფასება ნებისმიერი მოსამართლის სწორედ მიყვება იმ მონაცემებს და პროცედურებს, რომელიც იუსტიციის საბჭოს აქვს დადგენილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მუქაუტაძე ბრალდებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.
როგორც მიქაუტაძე ამბობს, ანა დოლიძემ ნინო მამულაშვილის ერთ-ერთი მაღალი შეფასება მისცა.
„ეს შეფასებები არის უკვე აბსოლუტურად საჯარო, რადგან მოსამართლეები გამწესდნენ თანამდებობაზე და ეს ქულები შეგიძლიათ ნახოთ. ნინო მამულაშვილს შეჯამებული ქულების სახით აქვს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება. ანა დოლიძემ მას კომპეტენტურობის კუთხით 100-დან 92 დაუწერა და მას მიაჩნია, რომ ქალბატონი ნინო სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.