იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად მოსამართლეებმა თამარ ონიანი და შალვა კაკაურიძე დაასახელეს
მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად მოსამართლეებმა თამარ ონიანი და შალვა კაკაურიძე დაასახელეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან თევზაძე საბჭოს წევრობისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე გამწესდა. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა.
სხდომის დაწყებამდე, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კანდიდატებს შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე იქნებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ახალ წევრად შესაძლოა, ტყავაძე არჩეულიყო, რომელიც ჯანეზაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძისთვის მისაღები იქნებოდა.
ჯანეზაშვილის მტკიცებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის მოსამართლეები ინიშნებიან, რომელთაც ჩინჩალაძისა და გავლენიანი ჯგუფების მხარდაჭერა აქვთ.
იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, უარყო ინფორმაცია, თითქოს საბჭოს წევრობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და განაცხადა, რომ თავის არჩევანში ყველა მოსამართლე თავისუფალია.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა ოცდამესამე რიგგარეშე კონფერენცია მიმდინარეობს.