იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა 2017 წელს საბჭოს წევრობის კანდიდატად მის წარმდგენ ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
ამასთან, ხარებავას შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის მცელოდებაა.
ხარებავას განცხადებას საქართველოს პირველი არხის უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ა(ა)იპ ფონდ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“, რომელმაც 2017 წელს წარმადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წინაშე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ფარგლებში, საქართველოს პარამენტში წარვადგინე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოებდა სასამართლოში. გარდა ამისა, არსებობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მოიძიონ სხვა საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც განხილული იყო სხვადასხვა სასამართლოში და, რომელშიც ჩემი წარმდგენი სუბიექტი მონაწილეობდა კანონით გათვალისწინებული წესით.
გარდა ამისა, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლეგიტიმაციისთვის, მთავარი და სრულიად საკმარისია ის გარემოებაც, რომ ჩემი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის, ჩემი სამუშაო გამოცდილება დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ცენზს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ჩემი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენის და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობა, რაც არ უნდა შედიოდეს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მხარდაჭერის ინტერესებში“, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ზაზა ხარებავას განცხადებაში.