იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეუთო-ს ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საერთო სასამართლოების შესახებ კანონი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყო.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორ უნდა განხორციელდეს იმ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, რომელიც დაწესდა სპეციალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებისთვის.
„მნიშვნელოვანია დეტალურად იმ ინფორმაციის მიღება, თუ როგორ მოხდება კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების კუთხით, როგორ მოხდება კანდიდატების შემდგომი შეფასება და დასაბუთება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და სხვადასხვა პროცედურული ნაწილები, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახორციელებს უახლოესი დროის განმავლობაში“,- განაცხა გიორგი მიქაუტაძემ.
მისი თქმით, ეუთო-ს ექსპერტების მხრიდან, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართით რაიმე რეკომენდაციები არ გამოთქმულა, ვინაიდან, კანონი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც, დეტალურად არის გაწერილი პროცედურები.
„იყო საკითხები რომელიც აინტერესებდათ, მაგალითად კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. კითხვები იყო დასმული საჯაროობის საკითხზეც, მაგალითად იქნება თუ არა კანდიდატების თაობაზე მოძიებული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ჩვენ დავუდასტურეთ, რომ რა თქმა უნდა, საბჭო გამოაქვეყნებს კანდიდატების შესახებ ინფორმაციას“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ეუთო-ს ექსპერტებთან შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ეუთო-ს ექსპერტთა გუნდმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ისინი პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ და ჩამოსულიყვნენ იმ პერიოდში, როდესაც იხილებოდა კანონი და არა მას შემდეგ, რაც კანონი უკვე მიღებულია.
„ეუთო-ს ექსპერტთა გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული, მაგალითად, ის, რომ დახურული დარჩა კენჭისყრა რეკომენდაციის მიუხედავად, ის, რომ საბჭოს თითოეულ წევრს არ უწევს დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება. ყველაზე კრიტიკული კომენტარი იყო მითითება, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2019 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება ისლანდიის წინააღმდეგ, სადაც პროცედურული დარღვევების გამო, მოსამართლის დანიშვნის პერიოდში დანიშვნა იყო არალეგიტიმური, უკანონო. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ მოსამართლეს ჰქონდა მიღებული, იყო ცნობილი ასევე არაკანონიერად, ამ გადაწყვეტილებას და ამ ძალიან მაღალ სტანდარტს, რომელსაც ევროსასამართლო აწესებს ახლა უკვე 2019 წლიდან“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სხდომაა ჩანიშნული და საბჭოს წევრები დღის წესრიგით სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის, არის ორი ტექნიკური შინაარსის, ერთი კი საშტატო ერთეულების დამატებას ითვალისწინებს. საუბარია რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საშტატო ნუსხაში ზოგიერთი თანამდებობის დამატებაზე.