იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვახტანგ მჭედლიშვილის ინიციატივა განიხილეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვახტანგ მჭედლიშვილის ინიციატივა განიხილეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის ინიციატივა განიხილეს. ინიციატივა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრობლემას და ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ითვალისწინებს.

ვახტან მჭედლიშვილის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც გაიწერა კონკრეტული რეკომენდაციები. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მთავარ მიზეზად, საბჭოს არამოსამართლე წევრი, გაჭიანურებულ სასამართლო დავებს ასახელებს. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, სისტემური ცვლილებები, რაც სამხარეო სასამართლოების შექმნას გულისხმობს.

„ჩვენ გასული წლის ორ დეკემბერს გვქონდა რეკომენდაციები და წინადადებები მომზადებული ამ კონკრეტულ პრობლემებთან, საქმეების გაჭიანურებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. მაშინ არ იქნა გაზიარებული გარკვეული ხედვები. დავაანონსეთ, რომ ამას დასჭირდებოდა საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები. კრიზისის დაძლევა მხოლოდ ამით გახდებოდა შესაძლებელი. ჩვენ მოგვიწევდა სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, ამ ხელოვნური კრიზისების დაძლევა. დღეს, საბჭო ფაქტობრივად მუშაობს ამ პრობლემაზე და ერთგვარი პროექტიც არის მომზადებული, რასაც არ ვეთანხმები. გამოსავალი არის სისტემური ცვლილებები. სისტემა უფრო მოქნილი და ეფექტიანი  უნდა გავხადოთ“, – აღნიშნა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სახით გაითვალისწინებს საბჭო ამ კვლევის მიგნებებს. თუმცა, საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, გაჭიანურებული სასამართლო დავებია. საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ საკითხის დასარეგულირებლად, სისტემური ცვლილების ნაცვლად, მოსამართლეების რაოდენობის გაზრდაა აუცილებელი.

„ეს პრობლემა აღიარებულია, ვეძებთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. ვახტანგ მჭედლიშვილის რეკომენდაციაა , რომ შეიქმნას სამხარეო სასამართლო სადაც, 60 მოსამართლე უნდა დასაქმდეს. ამ ნაწილში გვაქვს აზრთა სხვადასხავაობა, რადგან ამას სჭირდება უფრო საფუძვლიანი და დასაბუთებული კვლევა. იმიტომ, რომ ამ რიცხვის ნახევარი რომ გადანაწილდეს თბილისის საქალაქო სასამართლოებში, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში, შეიძლება აბსოლუტურად იგივე შედეგზე გავიდეთ და აღარ დაგვჭირდეს სასამართლო სისტემის ასეთი ძირეული ცვლილება. ანუ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდამ არსებული სისტემის ფარგლებში, შესაძლოა პრობლემის გადაჭრის გზამდე მიგვიყვანოს“, – განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.