იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომელმაც საბჭოს დღის წესრიგის რიგითობის შეცვლა მოითხოვა. მან ასევე მოითხოვა, უზენაესი სასამართლოს შესახებ ნაცვლად 18-19 საკითხისა, 3-4 საკითხად ემსჯელათ. ჯანეზაშვილმა მოითხოვა, დღის წესრიგის რიგითობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საბჭოს კენჭისყრით მიეღო, რაზეც საბჭოს წევრებმა იკამათეს.
„მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები მესამე ან მეოთხე საკითხად გამოვიტანოთ. ხალხი მოსულია იმისთვის, რომ ჩვენი აზრი მოისმინოს და ღამის ათ საათზე არ უნდა განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ეს წინა სხდომაზე გააკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონო გიორგი, რადგან თქვენ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ჩავთვლი, რომ ხართ მიკერძოებული“, – მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მიქაუტაძეს.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, საკითხის რიგითობა განსაზღვრულია იმის მიხედვით, რომ თავად არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში, საკითხის განხილვაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ამიტომ, მიქაუტაძის თქმით, უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება დღის ბოლოს.
„ბოლოს არის დატოვებული ეს საკითხები იმიტომ, რომ მე არ ვმონაწილეობ ხოლმე სხდომის იმ ნაწილში, სადაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება და არ ვფიქრობ, რომ სხდომიდან გასვლა და მერე უკან დაბრუნება სწორი საქციელი იყოს. ქალბატონო ნაზი, აბსოლუტურად პოპულისტურია ეს განცხადებები და არანაირ კავშირში არ არის საღ აზრთან“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ ხერხდება, რადგან სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება.