იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განათლების საკითხზე ომბუდსმენის ანგარიშს განიხილავს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
ომბუდსმენმა აღნიშნული ანგარიში რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა, რომლის განხილვაც საბჭოს გასულ სხდომაზე უკვე გაიმართა. დღეს კი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, ანგარიშთან დაკავშირებით კონტრარგუმენტები წარმოადგინა.
მან აქცენტი გააკეთა, როგორც ზოგადად გასაუბრების დროს აღმოჩენილ ხარვეზებზე, ასევე ე.წ გრძელი სიის შედგენასა და კანდიდატთა განათლების ხარისხთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე.
“ძირითადი, რამაც საქართველოს პარლამენტში აქცენტირებული ყურადღება გამოიწვია, არის რამდენიმე კანდიდატის განათლების ხარისხთან დაკავშირებით დასკვნები, რაც ასახულია ანგარიშში. ანგარიშის ძირითად მიგნებებში, ასევე იურიდიული განათლების მოთხოვნასთან კანდიდატების შესაბამისობის ნაწილში, საუბარია ხუთ კანდიდატზე – ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე, გიორგი ტყავაძე, შოთა ლაითაძე, ვციტირებ დასკვნას, „რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხის ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს”,- განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
საბჭოს წევრმა დეტალურად ისაუბრა, თითოეული მოსამართლის განათლების ხარისხის შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. ასევე, საბჭოს წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, წარმოადგინა დოკუმენტი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სახელის შეცვლის შესახებ. დოკუმენტში საუბარია, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს 1997 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უნივერისტეტს დაერქვა ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. შესაბამისად, მშვენიერაძის განმარტებით, უნდა მოიხსნას კითხვები, აღნიშნული ინსტიტუტის სახელწოდებასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიცვალა სახელი.
ხსენებული ინტიტუტი გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ დაამთავრა.
“აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ შალვა თადუმაძე აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და მივიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება მის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
დღევანდელ სხდომას აღნიშნული ხუთი მოსამართლიდან ორი- მირანდა ერემაძე და გიორგი ტყავაძე ესწრებიან, რომლებიც გეგმავენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სახალხო დამცველის დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც მათი განათლების ხარისხი სადავოა.
დიმიტრი გვრიტიშვილმა წარმოადგინა ტყავაძის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არასამთავრობი სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განათლებასთან დაკავშირებით.
“სახეზეა სახალხო დამცველის და არასამთავრობი სექტორის ერთ-ერთი ლიდერის ორკესტრირებული ქმედება, რათა ფაქტების მიჩქმალვით და საზოგადოებისთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, ერთი მხრივ, ჩრდილი მიაყენონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას და მეორე მხრივ, დააზიანონ მოქმედი მოსამართლის საქმიანი რეპუტაცია, რაც დაუშვებელია, საერთოდ შეუთავსებელია სახალხო დამცველის მანდატთან“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.
სხდომას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ესწრება.