იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატს ხელახლა შეარჩევს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში არსებული ცხრა ვაკანტური ადგილისთვის მოსამართლეობის კანდიდატები ხელახლა უნდა შეარჩიოს.
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების უკან გაწვევა მოხდა, რისი მიზეზიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები გახდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ხელახალი საკონკურსო პროცედურები 9 ოქტომბერს დაიწყება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ძალაში „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილებები შევიდა, რომლითაც დარეგულირდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი საკონკურსო პროცედურები, ასევე, გარკვეული ცვლილებები შეეხო გასაჩივრების და დასაბუთების პროცედურებს და ამავე საკანონმდებლო აქტით განისაზღვრა, რომ გაწვეულად ჩაითვალა ამ ეტაპზე პარლამენტისთვის წარდგენილი ყველა კანდიდატი. საერთო ჯამში, ასეთ ცხრა ვაკანსიაზე მიმდინარეობდა კონკურსი და კანდიდატები პარლამენტისთვის იყო წარდგენილი.
ამ ვაკანსიებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს ახალ პროცედურას. ცხადდება ახალი კონკურსი, საბუთებს 21 დღის განმავლობაში მივიღებთ, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული და შემდგომ უკვე გაგრძელდება საკონკურსო პროცედურები. მარტივად რომ ვთქვათ, თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. პარასკევიდან ცხრავე ვაკანსიაზე ერთიანად იწყება კონკურსი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გდაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ამასთან, პროექტის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც შემოდის. კერძოდ, კენჭისყრის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს უფლება ექნება, მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საბჭოს წევრი იყო მიკერძოებული და მისი მიდგომა იყო დისკრიმინაციული; ასევე, თუ საბჭოს წევრმა გადაამეტა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც, დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას.