იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესსა და პროცედურებს გულისხმობს, იუსტიციის საბჭომ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე მუშაობა უკვე დაიწყო.
საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობა.
საკითხის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად იუსტიციის საბჭოს მიერ მსურველთა მხრიდან განაცხადების მიღებაზე.
გარდა ამისა, იუსტიციის საბჭო მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებაც იმსჯელებს. სავარაუდოდ სხდომაზე გამოცდის თარიღი გაირკვევა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.