იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს კენჭს უყრის
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამი წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებს, რომელთაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ, დღეს კენჭს უყრის.
საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე 2015 წლის 1-ელ აგვისტოს გამწესდნენ და სამწლიანი ვადა ეწურებათ. მათ გასაუბრება საბჭოს წევრებთან გასულ სხდომაზე გაიარეს, დღეს კი გაირკვევა, ვინ დააკმაყოფილა მთავარი კრიტერიუმები – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რომლის მიხედვითაც საბჭომ ისინი შეაფასა.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ: ნანა აფციაური, ეკატერინე კულულაშვილი, დავით კურტანიძე, ქეთევან მინაშვილი, თამარ ოქროპირიძე, ანა ჩხეტია და დავით წერეთელი.
საბჭო გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით ხმათა 2/3 მიიღებს.
აღნიშნული საკითხის გარდა, საბჭო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 10 საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის არის ცვლილება, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის პროცედურების ცვლილებას ითვალისწინებს.
ასევე, საბჭო იმსჯელებს პროექტზე თბილისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში საპილოტე პროგრამის ფორმით „მკვლევარის“ ინსტიტუტის დანერგვის თაობაზე. პროგრამის დეტალები ჯერ უცნობია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.