იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება
იუსტიციის უმაღლეს საბჭო დღეს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება. გასაუბრების პროცესს ის მოსამართლეები გაივლიან, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან.
გასაუბრებაში მონაწილეობენ: ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ნატო ხუჯაძე და მერაბ ჯორბენაძე
გასაუბრების პროცესს აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი მოსაზრებით, საბჭოს ერთსა და იმავე რეჟიმში მყოფ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ, სხვადასხვა მიდგომა აქვს.
ჯანეზაშვილს ამის მაგალითად 2018 წლის რამდენიმე თვის სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 45-ზე მეტმა მოსამართლემ მიმართა, თუმცა ამ დრომდე მათ გასაუბრება არ გაუვლიათ.
საბჭოს არამოსამართლე წევრის მტკიცებით, საბჭოს განსხვავებული მიდგომა ჰქონდა, მსგავს რეჟიმში მყოფ მოსამართლეებთან 2017 წელს.
ნაზი ჯანეზაშვილი განსხვავებულ მიდგომას, სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანს უკავშირებს და ამბობს, რომ კლანთან დაკავშირებული პირები უვადო მანტიას დაჩქარებული წესით ირგებდნენ.
„საერთო ჯამში ,2018 წლის თებერვლიდან დღემდე 45-ზე მეტმა მოსამართლემ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების მოთხოვნით 79(4)-ე მუხლის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრებას არ ნიშნავდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმავე რეჟიმში მყოფი მოსამართლეები უვადოდ გაცილებით მოკლე ვადებში გაამწესა.
კერძოდ, 79(4)-ე მუხლის საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნები ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე მოსამართლეებმა მოგვმართეს 2017 წლის 24 ივლისიდან, რის შემდეგაც 2017 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნენ თანამდებობებზე. მეორე ეტაპზე მოსამართლეებმა საბჭოს მიმართეს 2017 წლის 11 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში და თანამდებობაზე დაინიშნენ 2018 წლის 22 თებერვალს. ამრიგად, პირველ შემთხვევაში საბჭოში მიმართვიდან მე-3 თვეს, ხოლო მეორე შემთხვევაში მე-5 თვეს მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ დაინიშნენ“,- განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
ცნობილია, რომ სულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეფასების პროცესის შეწყვეტის თხოვნით 45-ზე მეტმა მოსამართლემ მიმართა, რომელთა ნაწილს უფლებამოსილების ვადა უახლოეს მომავალში ეწურება.