იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრა
იუსტიციის უმაღლეს საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრა. გასაუბრების პროცესი იმ მოსამართლეებმა გაიარეს, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან.
პროცესში მონაწილეობა სულ რვა მოსამართლემ მიიღო. უფლებამოსილების ვადა 15 თებერვალს ეწურებათ ნატრული აკობიას, ეკა არეშიძეს, გია ბერაიას, ლერი თედორაძეს, ინდირა მაშანეიშვილს, სალიხ შაინიძეს, ნატო ხუჯაძესა და მერაბ ჯორბენაძეს.
საბჭოს წევრის, თამარ ონიანის თქმით, სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ აღნიშნული კანდიდატები გასაუბრებისთვის.
„აღნიშნულ მოსამართლეებს ვადა 15 თებერვალს ეწურებათ. გასაუბრებამ საქმიან და ღია ფორმატში ჩაიარა. დავუსვით კითხვები როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე 2012-წლამდე გამამტყუნებელ განაჩენებთან დაკავშირებით. მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დასაბუთებული პასუხი“, – განმარტა თანარ ონიანმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას მოგვიანებით ჩანიშნავს.