იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას მართავს, რომელზეც დღის წესრიგით სამ საკითხს განიხილავენ.
ამასთან, საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.
როგორც სხდომის დაწყებამდე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გამო, კონკრეტული მოსამართლეების დევნა მიმდინარეობს.
„ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ პირადი ინტერესები. დავინახეთ, რომ არანაირ კრიტერიუმებსა და რეგულაციებზე საუბარი არ არის. ხორციელდება კონკრეტული მოსამართლეებისა და საბჭოს დევნა მისი გადაწყვეტილების გამო, რაც კანონის სრული დაცვით მიიღო. ეს არის ე.წ შუალედური გადაწყვეტილება, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, კომპეტენტური ადამიანები განსაზღვრავდნენ მის ბედს და აღნიშნა, რომ პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მართლმსაჯულების სახედ ლევან მურუსიძე შეიყვანეს.
„საზოგადოებისთვის მთავარი საკითხია სწორედ სამართლიანობა. ვფიქრობ, ეს მოძრაობა მხოლოდ იწყება. ეს არის მანიშნებელი, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სუფთა და კომპეტენტური ადამიანები განსაზღვრავდნენ მათ ბედს. ჩვენ სუფთა და დამოუკიდებელი ადამიანები უნდა შევიყვანოთ სასამართლო სისტემაში. მნიშვნელოვანია, პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მართლმსაჯულების სახედ ლევან მურუსიძე შეიყვანეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ამასთან, სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც შეუერთდნენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები.
ცნობილია, რომ გასაუბრების პროცესში შვიდი კანდიდატი იღებს მონაწილეობს: ნარგიზ ცეცხლაძე; დურმიშხან ჟორჟოლიანი; მარინა ჯიყაშვილი; გიორგი ჭიქაბერიძე; ნინო ხაბალაშვილი; ლადო ქარქაშაძე; ნათია ქუთათელაძე.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ოქტომბერში დაიწყო, პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ დარჩენილ 11 კანდიდატთან გასაუბრება განზრახ გაჭიანურდა. მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სიაა. მათი თქმით, სავარაუდოა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები სიასთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარებას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ მოხდება აღნიშნულ კანდიდატთა გადანაწილება სასამართლო სისტემაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე 67-მა კანდიდატმა გაიარა, დღევანდელი გასაუბრების შემდეგ კი სამი კანდიდატი დარჩება, ვისაც გასავლელი ექნება აღნიშნული პროცედურა.