საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსაზღვრულ ოთხ საკითხზე იმსჯელებენ.
დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მისაღებად კენჭისყრის ჩატარებას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ იუსტიციის სკოლაში სულ 20 ვაკანტური ადგილია.
გარდა ამისა, საბჭო, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებაც იმსჯელებს. სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე გამოცდის თარიღი განისაზღვრება.
საბჭოს წევრები სხდომაზე ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობაზეც იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ წინა სხდომაზე საბჭომ იმ მოსამართლეთა კენჭისყრა გამართა, რომლებსაც კონკურსგარეშე საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე გადასვლა სურდათ. კენჭისყრის შედეგად, საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა შემადგენლობა შეიცვალა, ასევე ვაკანტური გახდა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. შესაბამისად, სავარაუდოდ საბჭო აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, კოლეგიების შემადგენლობას ხელახლა განსაზღვრავს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.