იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ ათ კანდიდატს გაესაუბრა
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კანდიდატებს შორის იყვნენ, როგორც უვადო მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები.
გასაუბრების პროცესი, დახურულ კარს მიღმა დღეს, ორმა მოსამართლემ, ერთმა კი არამოსამართლე კანდიდატმა წარმართა.
საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, პროცესი არის გამჭირვალე და ის, რომ რამდენიმე კანდიდატმა, არ მოისურვა, გასაუბრებაზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრება, ეს არ არის ტენდენცია.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ამას ჰქვია ტენდენცია, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში მიდის, პირიქით, ამ დროისთვის, 45 კანდიდატიდან ხუთი მოსამართლე კანდიდატი იყო მხოლოდ, რომელმაც გადაწყვიტა ასე. სხვა შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად გახსნილად და მიზანი ამის არის ის, რომ ჰქონდეს ყველას საშუალება, რომ დააკვირდეს გასაუბრების პროცესს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები”, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო.
საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე გაიარა 45-მა კანდიდატმა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.