იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების შექმნაზე მსჯელობენ.
გადაწყვეტილების პროექტი ითვალისწინებს სამივე პალატაში რამდენიმე ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას, მაგალითად, სამოქალაქო საქმეთა პალატაში იქნება დაახლოებით ოთხი კატეგორია, ადმინისტრაციულში 10 და ასევე სისხლის სამართლის პალატაშიც 10-მდე კატეგორია.
აღნიშნული წესის ამოქმედების შემდეგ, მოსამართლეები სააპელაციო სასამართლოში სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ საქმეებს. მთავარი კითხვა რაც საკითხის განხილვისას იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს გაუჩნდა, ეს არის ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეთა რაოდენობა.
ნინო გვენეტაძეს მიაჩნია, რომ უმჯობესია თუ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესიდან გამომდინარე შემთხვევითობის პრინციპი დაცული იქნება.
საკითხზე მომხსენებლის, მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას განმარტებით, სავარაუდოდ ყველაზე დიდ ვიწრო სპეციალიზაციაში ამ დროისთვის პროექტით ორი შემადგენლობა მოიაზრება, თითო შემადგენლობაში კი სამი მოსამართლე შედის. თუმცა მისივე თქმით, ეს საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის. როგორც შენგელია აცხადებს, რაოდენობა მოგვიანებით განისაზღვრება.
საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილსაც.
მისი განცხადებით, საჭიროა დამატებითი არგუმენტაცია, თუ როგორ განისაზღვრა ვიწრო სპეციალიზაციათა ჩამონათვალი. ასევე მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობისას მთავარია გათვალისწინებული იყოს სპეციალიაზციების დაკომპლექტებისას მოსამართლეთა რაოდენობა.