საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.
გასაუბრების პროცესში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის არის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ორ ვაკანტურ ადგილზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში აქვს შეტანილი განაცხადი. იმ შემთხვევაში, თუ მიქაუტაძე წარმატებით გაივლის კენჭისყრას, ის უვადო მოსამართლე გახდება. გიორგი მიქაუტაძის გარდა, ხვალ გასაუბრებას გაივლიან მოსამართლეები: რომან მამულია, მარინა ფარცვანია და ლელა ჭინჭარაული.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ოქტომბერში დაიწყო, პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ დარჩენილ 11 კანდიდატთან გასაუბრება განზრახ გაჭიანურდა. მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სიაა. მათი თქმით, სავარაუდოა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები სიასთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარებას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ მოხდება აღნიშნულ კანდიდატთა გადანაწილება სასამართლო სისტემაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს გაესაუბრება.
რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს, რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე დღის წესრიგით ორი საკითხია განსახილველი.