იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს სხდომას გამართავენ, სადაც დღის წესრიგით ექვს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის არის მიმდინარე და პროცედურული საკითხები.

სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა, როდის გაიმართება მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა.

შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის მსურველ 82 კანდიდატს 27-30დეკემბერს გაესაუბრა.
სიაში ცნობილი სახელები და გვარებიც მოხვდნენ, მათ შორის მოქმედი მოსამართლეები, იუსტიციის საბჭოს წევრები და სხვადასხვა სასამართლოს თავმჯდომარეები.

მოქმედი მოსამართლეების მიერ განაცხადის ხელახლა შეტანის მიზეზი გადანიშვნა ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვაა.

დღის წესრიგის მიხედვით, საბჭოს წევრები საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

სხდომაზე ასევე განიხილება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტები. აღნიშნული საკითხი პარლამენტში განიხილეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს, რა ცვლილებები შედის კანონპროექტში და რა შენიშვნები აქვთ საბჭოს წევრებს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე.

დღის წესრიგში ასევე მითითებულია საქალაქო სასამართლოს მშენებლობის საკითხი.

საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ ექვს საკითხს განიხილავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.