იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი პირველი საკითხი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და ამ მიზნით დაგეგმილ ზოგად ღონისძიებებს შეეხება.

ასევე განსახილველ საკითხებს შორის არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს არამოსამართლე წევრი ლევან გზირიშვილია. წინადადება პარლამენტის მიერ არჩეული/ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის ცვლილებასა და საბჭოს წევრის ანაზღაურების ოდენობის დაზუსტებას ითვალისწინებს.საკითხის დეტალები ჯერ უცნობია.

საბჭოს წევრები ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეთა არჩევის საკითხზეც იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის, განკარგულების პროექტი, რომელიც მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხს ითვალისწინებს.

საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.