იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შემდგომ ეტაპზე გადაყვანის საკითხზე მსჯელობას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს საბჭო შეადგენს ე.წ. მოკლე სიას, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, ვინ გადავა გასაუბრების ეტაპზე.
იქიდან გამომდინარე, რომ უზენაეს სასამართლოში ერთი ვაკანსიაა, საბჭოს ვალდებულება აქვს, რომ შემდეგ ეტაპზე მინიმუმ სამი კანდიდატი გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, კანონის მიხედვით, საბჭო ვალდებულია, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის სამოსამართლეო ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე შეარჩიოს ახალი კანდიდატი, სწორედ ამიტომ საბჭოში უკვე ჩატარებული გასაუბრების შემდეგ, რომლის მიხედვითაც 20 ვაკანტურ ადგილზე შეირჩნენ კანდიდატები, დამატებით კიდევ ერთი კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს. უზენაეს სასამართლოში სამოსამართლეო უფლებამოსილება მოსამართლე ვასილ როინიშვილს დეკემბერში ეწურება.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო იმ მოსამართლეთა კენჭისყრას გამართავს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. აღნიშნულ შესაძლებლობას მათ კანონი აძლევს, რომ სასურველი პოზიცია კონკურს გარეშე დაიკავონ. სულ 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი. მოსამართლეებმა გასაუბრება გასულ კვირას გაიარეს, დღეს კი კენჭისყრა გაიმართება. ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.
იუსტიციის საბჭოს სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.